პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები განათლების სამინისტროსგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ
პროტესტი მეათე საჯარო სკოლასთან - მშობლები და მოსწავლეები, რომლებიც ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი, ამბობენ, რომ უკვე 8 წელია, სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ამ დრომდე, კვლავ უცნობია, როდის გაიხსნება სკოლა.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რამდენიმე წლის წინ, განათლების სამინსიტრომ მათი შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანა, თუმცა, ახლა ცნობილი ხდება, რომ ამ სკოლის დატოვებაც მოუწევთ, რადგან იმ სკოლაშიც პრობლემებია.
ადგილზე სკოლის მოსწავლეებს აქვთ მიტანილი ბანერები წარწერით - “განათლება უფლებაა და არა სასჯელი“, “დაგვიბრუნეთ სკოლა“.
“მერვე წელია, რომ განათლების სამინისტრო ვერ აგვარებს, მე-10 სკოლის ბავშვებს მოუხერხოს ფართი“ , - ამბობენ ისინი.
2019 წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები გადაყვანილები არიან 22-ე საჯარო სკოლაში, გამოიყო ფლიგელი, გარემონტდა, რის შემდეგაც მოხდა ჩვენი გადასვლა იქ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თვითონ 22-ე სკოლას რაღაც პრობლემები აქვს ისე, რომ ოფიციალური დოკუმენტიც არ უკავიათ ხელში, და ჩვენ უნდა გამოგვიშვან სკოლიდან. 2017 წლიდან, უკვე მერვე წელია, მიმდინარეობს ჩვენი შვილების ბედით თამაში, რაც ყოვალდ წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ახლა სთავაზობენ თურმე, რომ იმ დროს, როცა ბავშვებს უკვე აწყობილი აქვთ დღის განრიგი, თურმე ვიღაცამ ვერ მოაბა თავი და უნდა შეიცვალოს. მერვე წელია, რომ განათლების სამინისტრო ვერ აგვარებს, მე-10 სკოლის ბავშვებს მოუხერხოს ფართი ისე, რომ არ მოუწიოთ აქეთ-იქეთ სირბილი, - ამბობს მშობელი.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ დღეებში თუ არ გამოჩნდება ალტერნატირული ფართი, ორშაბათს 18:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.