როიტერი: დონორები ანტიდასავლური „ოცნების“ სასარგებლოდ ლობირებენ, რათა "მეგობარი აქტი" დაიბლოკოს
ბიზნესის ლობირებით ცდილობს "ქართული ოცნება" ამერიკაში "მეგობარი აქტის" დამტკიცება დაბლოკოს, - ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე ამერიკელმა ბიზნესმენმა ბოლო კვირების განმავლობაში პირადად მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ არ დაემტკიცებინათ კანონპროექტი, რომელიც ზეწოლას მოახდენდა ივანიშვილის მთავრობაზე.
საქართველოს ანტიდასავლური მთავრობის სასარგებლოდ ლობირების ფაქტმა კონგრესის მაღალი თანამდებობის მქონე რესპუბლიკელი წევრი, ჯო უილსონი გააღიზიანა, - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორპარტიული კანონმდებლების ჯგუფი ცდილობს მიიღოს კანონპროექტი, რომელიც თბილისში სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვთან მიახლოებულ მთავრობის დასჯას ისახავს მიზნად. ზომებს შორის ერთ-ერთი უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტია, რომელიც აშშ-ს მთავრობას საქართველოს მთავრობის ოფიციალურ აღიარებას აუკრძალავდა.
ტეხასში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანია TXN Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ნიკანდროსმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ზოგიერთ რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ ზემოაღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა. წერილში ნიკანდროსი კანონმდებლებს მოუწოდებს, დამატებითი ნაბიჯები გადადგან აღნიშნული ინიციატივის საბოლოო დამტკიცების შესაჩერებლად, რომელიც კომიტეტში განხილვის შემდეგ ახლა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ელოდებ, - წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, ნიკანდროსმა წერილში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიულად არის არჩეული და მსგავსი კანონპროექტის მიღება საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო მიაახლოებს, რაც ამერიკულ ბიზნესინტერესებს და მათ შორის მის კომპანიასაც დააზარალებს.
„ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია ნიკანდროსის წერილში.
გამოცემა წერს, რომ ნიკანდროსის წერილი მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ნიკანდროსის ქმედებები კანონპროექტის მიღებას მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებდა.
"როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რომელიც ფლობს საგამოძიებო უფლებამოსილებას, მე შევეცდები მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ" - მიწერა ჯო უილსონმა გამოცემას.
სტივ ნიკანდროსს „როიტერსის“ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ კითხვაზე პასუხად კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება საქართველოს ელჩს აშშ-ში - თამარ ტალიაშვილმა გამოცემას უთხრა, რომ მართალია, სტივ ნიკანდროსი არის „ნოვატორი“, მის ხელისუფლებას ამჟამად არ აქვს ლობისტური კავშირები შეერთებულ შტატებში.