პროკურატურამ ირაკლი წულაიას სისხლის სამართლის წესით ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით ბრალი წარუდგინა 7 ადამიანს. მათ 4 ოქტომბერს პროსამთავრობო ტელევიზიების (იმედი, რ2, საზმაუ) გადამღები ჯგუფებისათვის ხელისშეშლა ედებათ.
მათ შორისაა აქტივისტი და ტელეწამყვანი ირაკლი წულაია.
პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას (ან უამისოდ).
ირაკლი წულაია 22 ოქტომბერს დააკავეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ძმამ გაბრიელ წულაიამ გაავრცელა.
„ჩემი ალალი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს სახლთან, არასრულწლოვანი შვილი მიყავდა და ეზოში „ჩასაფრებულები“ იყვნენ ეტყობა, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო დაიჭირეს! იმედია ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!
4 ოქტომბრის ე.წ. “მშვიდობიანი დამხობის” მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ „ოცნება“ მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!” - დაწერა მან.