ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.
ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესებს თბილისის ყოფილი პროკურორი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიშა შაყულაშვილი იცავს.
ბრალდებულ ყოფილ პრემიერს შაყულაშვილის გარდა კიდევ ორი ადვოკატი იცავს- ლილი გელაშვილი და ამირან გიგუაშვილი
საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილია.
- ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პროკურატურა 1 მლნ ლარის გირაოს ითხოვს - როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მათ ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა.
როგორც პროკურატურა ამბობს, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას - "აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში"
გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
- ახლა საინტერესოა, რა მანქანებზეა საუბარი, რაზეც პროკურატურა საუბრობს - ცნობისთვის, ამ თემაზე 2024 წლის ივლისში მოამზადა "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.
ყოფილ პრემიერს ბრალი სისხლის სამართლის კდოექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა.