რას ამბობენ "ოცნებაში" ღარიბაშვილისთვის 1 მილიონის გირაოს შეფარდებაზე

24.10.25 17:36
რას ამბობენ "ოცნებაში" ღარიბაშვილისთვის 1 მილიონის გირაოს შეფარდებაზე

ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონის გირაოს შეფარდებას "ოცნებაში" თანამშრომლობაზე გადადგმული ნაბიჯის შემხვედრ ნაბიჯად აფასებენ და ირწმუნებიან, რომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძების გამოყენება ამ შემთხვევაში რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს. 

როდესაც არ არსებობს მიმალვის საშუალება, როდესაც სრულად თანამშრომლობაზე თანახმა არის პირი, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს შედარებით მსუბუქი გირაოს საკითხი. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ იმსჯელა და მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ გამოძიებას არ ექნება ამ კუთხით შეფერხება - პირიქით, შეიძლება თანამშრომლობაზე გადადგმული ნაბიჯის შემხვედრ ნაბიჯად (ჩავთვალოთ). ეს უკვე გამოძიების ტაქტიკა და სტრატეგიაა"- ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

რატი იონათამიშვილი კი მათ, ვისაც კორუფციული დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ყველას გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

ჩვენი სახელმწიფო არის უკომპრომისო კორუფციის წინააღმდეგ. თუკი ვინმეს აქვს რაიმე მსგავსი დანაშაული, ყველას მოვუწოდებ, აღიაროს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

დიმიტრი ხუნდაძე კი დღეს მედიასთან განაცხადა, რომ ღარიბაშვილთან პირადი ურთიერთობები სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტი ვერ იქნება. 

სამწუხაროა, მძიმეა, მაგრამ ვფიქრობ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.

ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები