პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი, რეჟისორი - პოლიციამ დღეს 25-მდე პირი დააკავა
რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების თქმით, პროცესს ახასიათებს 1937 წლის რეპრესიების სტილი - სამართალდამცველები მოქალაქეებს სახლებსა და სამუშაო ადგილებზე აკავებენ.
დაკავებულებს შორის არის მოძრაობა „დროას“ წევრი ნათია ლეთოდიანი, რომელსაც პოლიცია სახლში მაშინ მიადგა, როცა მცირეწლოვანი შვილი ბაღში მიჰყავდა. მსგავსი ვითარება შეექმნა ტელეწამყვან და გამომცემელ ზვიად კვარაცხელიასაც - სამართალდამცველები მას სამსახურთან ჩაუსაფრდნენ და მაშინ დააკავეს, როცა ტელეკომპანია „ფორმულადან“ გამომცემლობაში მიდიოდა.
დაკავებულთა შორის არის ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, რომელიც უკვე მეოთხე თანამშრომელია, ვინც რუსთაველზე გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოექცა.
ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის სამიზნეში, როგორც ჩანს, ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ - დაკავებულთა შორის არიან ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაია ბოკერია. პოლიციამ მათ შვილების ბებიას, ჟურნალისტ დოდო შონავას, დაურეკა და სთხოვა ბავშვებზე ეზრუნა, რადგან ორივე მშობელი დაკავებული ჰყავდა.
სამოქალაქო სექტორი მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებს და მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღება გაამახვილონ საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებების გაუქმებაზე.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.