რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ქალს, რომელიც აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა?
ქალს, რომელიც 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა პროკურატურა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას და ტაქსის მძღოლის ცემას ედავება.
დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც მოსამართლემ თამარ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პროკურორმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი ტაქსის მძღოლს თავს დაესხა და ხელებით სახის არეში სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა.
მისი თქმით, აღნიშნული ტაქსის მძღოლი მოწმის და დაზარალებულის სტატუსით არის წარმოდგენილი.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდება თამარ ლორთქიფანიძეს პოლიციის საკუთრებაში არსებული მანქანის დაზიანებას ედავება. პროკურორის თქმით, მან 3 300 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
თამარ ლორთქიფანიძეს ორ ეპიზოდად ედავება ბრალდების მხარე სხვადასხვა ქმედების განხორციელებას, მათ შორის ეს პირველ შემთხვევაში არის კონკრეტული პირის ცემა, ტაქსის მძღოლის, რომელიც მან განახორციელა რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღნიშნულ პირს არაერთხელ დაარტყა ხელები სახის არეში. აღნიშნულ პირს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები და მათ შორის მან განიცადა, რა თქმა უნდა, ფიზიკური ტკივილი.
შემდგომში უკვე მან თავდასხმა განახორციელა პოლიციელების საქმიანობასთან დაკავშირებით მათსავე სატრანსპორტო საშუალებაზე, კერძოდ მის სახურავზე ასვლით, ფეხების არაერთჯერადად დარტყმით დააზიანა აღნიშნული ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილები. შესაბამისი საქონელთმცოდნებით ექსპერტიზის დასკვნაა საქმეში წარმოდგენილი, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია 3 300 ლარის ოდენობის ზიანი.
შესაბამისად ბრალდების მხარემ ეს ყველაფერი შეაფასა, რომ იყო სისხლის სამართლის ქმედების დანაშაულის ნიშნების შემცველი და წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ტაქსის მძღოლის ცემის ნაწილში 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ვფიქრობთ, რომ სამივე საფრთხე არსებობდა, რაშიც სასამართლო სრულად დაგვეთანხმა. კერძოდ, არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდების მხარის პოზიცია და თამარ ლორთქიფანიძეს შეუფარდა პატიმრობა. პირველ რიგში, ეს ტაქსის მძღოლი არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის და დღეს უკვე დაზარალებულის სტატუსით. საქმეში განთავსებულია მისი გამოკითხვის ოქმი. მისგან ამოღებულია სამედიცინო ბარათი, ვინაიდან მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია, ასევე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცაღა სამედიცინო ბარათში ასახულია გარკვეული სახის დაზიანებები სახეზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესს მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით, ჩვენ ვამბობთ, რომ მას არაერთხელ დაარტყა ხელები სახის არეში აღნიშნულმა ქალბატონმა, რის თაობაზეც არამხოლოდ სამედიცინო ბარათი არის წარმოდგენილი და მასში ასახულია, რომ ნაკაწრების სახით აღენიშნება დაზიანებები, არამედ წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერები, მათი დათვალიერების საქმეები, სადაც ჩანს და ასახულია ეს ყველაფერი.
მოცემულ ავტომობილზე უკვე დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომელზეც მიღებულია პასუხი და ექსპერტიზის დასკვნაში სრულად არის გაწერილი რა სახის დაზიანებები აღენიშნება ავტომობილს, კერძოდ ძრავის და ძარის სახურავს. აღნიშნული დაზიანებები შეფასებულია ექსპერტის მიერ, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია 3 300 ლარიანი ზიანი," - განაცხადა პროკურორმა.