გერმანიის მიერ საქართველოში დეპორტირებულ 48 პირს შორის ზელიმხან ხანგოშვილის ძმაა - „დოიჩე ველე“

25.10.25 10:37
გერმანიის მიერ საქართველოში დეპორტირებულ 48 პირს შორის ზელიმხან ხანგოშვილის ძმაა - „დოიჩე ველე“

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის მიერ საქართველოში დეპორტირებულ 48 პირს შორის ბერლინის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმაა.

გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნსდორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა. სწორედ მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი.

ხანგოშვილის ნათესავებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა.

  • ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, „ეფ-ეს-ბეს“ აგენტს ვადიმ კრასიკოვს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის დაკვეთით განხორციელდა.

2024 წლის 1-ელ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გერმანიამ კრასიკოვი რუსეთს გადასცა.

მსგავსი სიახლეები