სუს-ი: დავაკავეთ ჩინელები, რომლებსაც ურანის ყიდვა სურდათ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა - სუს-ის ამტკიცებს, რომ ჩინელები საქართველოში 400 000 დოლარად 2 კგ ურანის შეძენას გეგმავდნენ.
როგორც მამუკა მდინარაძის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ჩინელები რადიოაქტიური ნივთიერების ჩინეთში უკანონო ტრანსპორტირებას რუსეთის გავლით გეგმავდნენ.
თბილისში 2 კგ ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენისას დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. დაკავებულები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით.
დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.