შსს: ამოღებულია 97 შეკვრა „ალფა-პვპ" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. ბათუმში დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ".ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ასევე ამოღებულია 5 ლოკაციაზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.