"ვიწყებ ისევ შიმშილობას" - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ვახო ფიცხელაურმა ისევ შიმშილობა გამოაცხადა - ამის შესახებ ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
ვახო ფიცხელაური აღნიშნავს, რომ ოთხ კედელში დატყვევებული ბრძოლის სხვა გზას ვერ ხედავს. მისი თქმით, შიმშილობით სოლიდარობას უცხადებს "ყველა უკანონოდ დატყვევებულ გულანთებულ პატრიოტს".
გამარჯობა თანამებრძოლებო.
მინდა გითხრათ რომ ახლა იმაზე უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე გარეთ ყოფნისას. უბრალოდ ამ ოთხ კედელში დატყვევებული ბრძოლის სხვა გზას ვერ ვხედავ და ვიწყებ ისევ შიმშილობას. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ატყვევებენ რუსთაველზე დგომის გამო ამდენ თანამებრძოლს. თან მგონია რომ რაც უფრო მეტს დაგვატყვევებენ, კიდევ უფრო მალე გავიმარჯვებთ.
შიმშილობით სოლიდარობას ვუცხადებ ასევე ყველა უკანონოდ დატყვევებულ გულანთებულ პატრიოტს.
მეამაყება რომ ერთი რიგითი თქვენთაგანი ვარ ბრძოლაში.
ველოდები დიდ გამარჯვებას და ყველა უკანონოდ დატყვევებული პატრიოტის თავისუფლებას.
დიდება ჩვენს სამშობლოს.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემზე არ ინერვიულოთ" - წერია წერილში.
წერილი დათარიღებულია 27 ოქტომბერით.