ექსკლუზივი: "ყბაში დავარტყი, გაქცეულს დაეწივნენ და სცემეს..." - პურის ძეხვისა და 380 ლარისთვის მოკლული ტურისტის საქმე
"ნოდარ მელაძის შაბათმა" ბრიტანელი მუსიკოსის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში აღიარებენ, როგორ დაგეგმეს 28 წლის თომას კენედის ჯგუფური ძარცვა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად და როგორ ჩააგდეს მდინარეში ბიჭი, რომელიც ქუჩის მუსიკოსებთან მათი სიმღერის მოსამენად ჩავიდა და პატივისცემის ნიშნად ლუდზე დაპატიჟა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ვიდეო-მტკიცებულებებში ხუთივე ბრალდებული გამომძიებლებს წუთების სიზუსტით აღუწერს როგორ დაგეგმეს ბრიტანელი ტურისტის ძარცვა. ირკვევა, რომ ფულის წართმევის იდეა კაფეში გაუჩნდათ, სადაც აღმოაჩინეს რომ თომასს ფული ჰქონდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა, უცხოელ ტურისტს ქალაქის დათვალიერება ფეხით შესთავაზეს, გზად მაღაზიაში ისევ ლუდები იყიდეს და ქუჩის ხუთმა მუსიკოსმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტურისტი ბნელ ჩიხში შეიტყუა.
დავგეგმეთ, რომ ფული ტომას კენედისთვის ფული წაგვერთვა, ეს მე, გიორგი ოხანაშვულმა, ზურა ფალავნდიშვილმა და გიორგი ქარელმა მოვიფიქრეთ"- ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული.
საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ყვებიან, როგორ წაიყვანეს ახალგაზრდა კაცი რკინიგზის სადგურთან, და როგორ სცემეს ტომას კენედი:
ხელი დავარტყი ერთხელ ყბის არეში. წაიბარბაცა წაიქცა, კარტა გადმოუვარდა. გაქცევა სცადა. ეს სამი ვინც იყვნენ დაეწივნენ და სცემეს... კაროჩე გვეგონა მოკვდათქო, კონტაქტზე არ იყო"- აჭერს ჩადენილ სისასტიკეს ბრალდებული.
მკვლელობის შემდეგ, 4-მა მუსიკოსმა თომას კენედის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.
ფეხებში მე და ზურა ვწერთ. ოხანაშვილი და ქარელა ხელებში. მტკვართან 20-25 მეტრის დაშორებით ვიყავით... წყალში გავუშვით, შევაცურეთ. ჩვენ ოთხმა. წყალმა ერთი 10 მეტრი წაიღო და მეტი არ დაგვინახავს ხეები ეფარებოდა"- ამბობს ბრალდებული.
28 წლის ბიჭის მტკვარში გადაგდების შემდეგ 4 კაციანმა ჯგუფმა დაიწყო დაგეგმვა თუ როგორ უნდა დაეხარჯათ ფული. რომელიც თომას კენედის საკრედიტო ბარათზე იყო. იმის გამო რომ ბარათის კოდი არ იცოდნენ გორში ფაქტობრივად ყველა მაღაზია მოიარეს, იყიდეს ძეხვი, სოსისი პური, სიგარეტები, შოკოლადი:
სიგარეტები და საჭმელი ვიყიდე მაღაზიებში... სიგარეტები გამოვიტანეთ. თითქმის ყველა მაღაზიაში ვიყავით"- აცხადებს ბრალდებული.
ჩვენების მიხედვით, იმ დროს როცა კენედის ბარათიდან გორელი ახალგაზრდები თანხას სხვადასხვა მაღაზიაში ხარჯავდნენ გზად ვასილ ოქროპირიძე ხვდებათ.
ქუჩის მუსიკოსი ოქროპირიძე საბედისწერო ღამეს ჯგუფს იმის გამო ჩამოშორდა, რომ მას ბრიტანეთის მოქალაქის გაძარცვის იდეა არ მოსწონდა. თუმცა მძიმე დანაშაულის შემდეგ მეგობრებმა ოქროპირიძეს ყველაფერი გაუმხილეს. დეტალურად მოუყვნენ როგორ გაძარცვეს, როგორც სცემეს და შემდეგ როგორ მოიშორეს ცხედარი მტკვარში.
სად არის მეთქი რა მოხდათქო. ვცემეთ გაგვექცა და წყალში ჩავარდაო ასე მითხრეს"- ამბობს ვასილ ოქროპირიძე.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შემდეგ, ახალგაზრდების ნაწილი ვასილ ოქროპირიძის სახლში სოფელი სკრის დევნილთა დასახლებაში წავიდა.
მეორე დღეს, თომას კენედის ტელეფონი, ჭავჭავაძის 37 ნომერში ლომბარდში მიიტანეს და 380 ლარად ჩააბარეს. მიღებული თანხა კი 4 ნაწილად გაიყო. თითო ბრალდებულს მოკლული ბრიტანელის ტელეფონიდან 80/80 ლარი შეხვდა. 20 ლარი მეხუთე ქუჩის მუსიკოს ოქროპირიძეს მისცეს რომელსაც ცემასა და მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.
თომას კენედის მკვლელობის საქმეზე ახლა სასჯელს 5 პირი იხდის, მათგან 4-ს განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ მკვლელობას ედავებიან. ბრალდებულებს შორის ერთი არასრულწოვანია.