არტემ გრიბულმა ანასტასია ზინოვკინასადმი არასამართლიანი მოპყრობის გამო შიმშილობა დაიწყო
ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული არტემ გრიბული, რომელიც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, შიმშილობას იწყებს პროტესტის ნიშნად.
როგორც მისი ადვოკატი დარია სამოდუროვა აცხადებს, გადაწყვეტილება უკავშირდება ანასტასია ზინოვკინას მიმართ ციხეში სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას. გრიბული ითხოვს, გამოავლინონ და დაისაჯონ N5 პენიტენციური დაწესებულების ის თანამშრომლები, ვინც ზინოვკინას ცუდად ექცეოდა.
ზინოვკინას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია 30 ოქტომბერს აქტივისტმა ალიონა ზაიცევამ გაავრცელა. მისი თქმით, ზინოვკინა ხერხემლის ტკივილების გამო რვა საათის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას, თუმცა დროულად არავინ მივიდა.
პენიტენციურ სამსახურს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თბილისის სასამართლომ ზინოვკინასა და გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ მათი დაკავება ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.