პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ”,- ნათქვამია განცხადებაში.