რიგი შემოსავლების სამსახურთან - ხალხმა ვერ გაიგო, ვინ უნდა შეავსოს დეკლარაცია
შემოსავლების სამსხურთან რიგებია. ხალხმა ვერ გაიგო, ვინ უნდა შეავსოს დეკლარაცია და ვინ არის გადამხდელი. საუბარია მიწის და შემოსავლის დეკლარირებაზე, რისთვისაც მოქალაქეებს ვადა 1 ნოემბრამდე აქვთ.
შეკრებილებს აინტერესებთ, რა შემთხვევაში მოუწევთ ქონების გადასახადის გადახდა.
რა კანონია, 2 დღეში დამტკიცებული და ეგრევე ჯარიმა? ეგ რა არის. შევარდნაძემ ხალხს აჩუქა მიწები, გააუქმა მიწის რეფორმა და იმას ითხოვენ ახლა? - ამბობს რიგში მდგომი ქალბატონი.
დაბადების დღის საჩუქრად რომ თანხა გადმოგვცესო, ისიც ითვლებაო. ეს რაღაც აბსურდია. მე პირადად მაინტერესებს, მეხება თუ არა. სიებს ვადგენთ და გადავცემთ, რომ შეგვიშვან, - ამბობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რიგშია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის წესში ცვლილებები არ განხორციელებულა.
დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ ფიზიკურ პირებს, მათ შორის მეწარმეებს, თუ მათი და ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს და აქვთ დასაბეგრი ქონება - უძრავი საკუთრება, ავტომობილი, იახტა, თვითმფრინავი და სხვა.
თუ გადასახადის გადამხდელის მონაცემები არ შეცვლილა და წინა წელს უკვე ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია, სისტემა ინფორმაციას ავტომატურად განაახლებს.
შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დეკლარაციები 1 ნოემბრამდე წარადგინონ და არ ენდონ მცდარ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს.