“ლელოს“ წევრებმა საკრებულოს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს - რა უპასუხა კალაძემ
ხმაური და დაპირისპირება იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადეს.
კახი კალაძე და “ოცნების“ დეპუტატები იერიშზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც “ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საგამოძიებო კომისიის შექმნა და სავარაუდო კორუფციული საქმეების გამოძიება მოითხოვეს.
ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, მერიის და კონკრეტულად კახა კალაძის მისამართით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და რაც პასუხის გაცემას საჭიროებს.
თბილისის მერიისა და კონკრეტულად თქვენი მისამართით, ბატონო კახა, უამრავი კითხვა არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად, არის კითხვები ავტობუსების შესაძლო კორუფციულ შესყიდვასთან დაკავშირებით, არის კითხვები გუდიაშვილის მოედნის უპირობო და უკონკურენტო აუქციონის შესახებ, არის კითხვები სამშენებლო ბიზნეს კარტელებთან დაკავშირებით, კერძოდ, ფხაკაძეებისთვის გადაცემული იპოდრომი, წულაიასთვის გადაცემული ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
კალაძემ ჩერქეზიშვილს მოუწოდა, ან ბრალდებების შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს, ან ბოდიში მოიხადოს იმ შემთხვევაში „თუ არის კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი“.
„მაინტერესებს ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დაკავშირებით მერიამ რა გადასცა წულაიას, თქვენ ხომ საჯაროდ განაცხადეთ ეს? წარმოადგინეთ კონკრეტული დამადასტურებელი საბუთები იმასთან დაკავშირებით, რომ მერიამ წულაიას ვაგონშემკეთებელი ქარხანა გადასცა ან იპოდრომი გადასცა ფხაკაძეებს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადა.
კერძოდ, მათ მხარი დაუჭირეს მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე გიორგი ტყემალაძის დანიშვნას, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანის, ანდრია ბასილაიას და კახა აბულაძის დანიშვნას.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ნდობა ასევე გამოუცხადეს გამგებლების კანდიდატურებს და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს.