გეგმავს თუ არა "ოცნება" საჯარო სექტორის ტოტალურ კონტროლს - რას ემსახურება ახალი კანონი
1 ნოემბრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც საჯარო მოხელეებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უკრძალავს. ცვლილება შეეხება როგორც სსიპებსა და ა(ა)იპებს, ასევე სახელმწიფო კომპანიებს. ვინც ამავე დროს კერძო სექტორშიც მუშაობს, ხვალიდან უკვე კანონდამრღვევად ჩაითვლება.
კანონის მიხედვით, მეორე ანაზღაურებად საქმიანობაზე ნებართვა მხოლოდ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი - გამგებლის, მერის, სკოლის დირექტორის ან უწყების ხელმძღვანელის თანხმობით. ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით, იმ შემთხვევაში თუ დამატებითი სამსახური მთავარ სამუშაოს არ შეუშლის ხელს.
შეზღუდვა შეეხება მასწავლებლებსაც - პედაგოგებს, რომლებიც ორ სკოლაში მუშაობენ (მაგალითად, პირველ ცვლაში ერთში, ხოლო მეორეში მეორე ცვლაში), საჭირო ექნებათ დირექტორის წერილობითი თანხმობა.
ივანიშვილის გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებები იწვევს კრიტიკას. სპეციალისტების შეფასებით, ინიციატივა საჯარო სექტორში დასაქმებულთა სრული კონტროლისა და ლოიალობის გამკაცრებას ემსახურება, რაც შესაძლოა მოქალაქეთა შრომით უფლებებზე სერიოზულად აისახოს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.