ვინ უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი? - რიგები და არეულობა შემოსავლების სამსახურთან
დღეს დილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან რიგები და არეულობა შეიქმნა. მოქალაქეები პანიკაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც მრავლად მიიღეს SMS-შეტყობინებები ქონების დეკლარაციის შევსების ვადის შესახებ, რომელიც 1 ნოემბერს იწურება.
ბევრმა მოქალაქემ ვერ გაიგო, ვის ეკისრება დეკლარაციის შევსების ვალდებულება და ვის უწევს ქონების გადასახადის გადახდა. მომსახურების ცენტრთან მთელი დღე გრძელდებოდა ცოცხალი რიგები, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ გაეგოთ, ვის ეხება ახალი მოთხოვნა.
კანონის მიხედვით, დეკლარაცია უნდა შეავსონ ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის მეწარმეებმა, თუ მათი და ოჯახის საერთო შემოსავალი გასულ წელს 40 000 ლარს აჭარბებს. გადასახადი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ პირის სახელზეა რეგისტრირებული უძრავი ან მოძრავი ქონება - ბინა, მიწის ნაკვეთი ან ავტომობილი.
მთავარი პრობლემა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არის ის, რომ კანონი 20 წლის წინ მიღებულია და დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას აღარ შეესაბამება. ფასებისა და ხელფასების ზრდის ფონზე, თითქმის ყოველ მეორე დასაქმებულ ოჯახს ავტომატურად ეწევა ქონების დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
გადასახადში ითვლება დარიცხული ხელფასი, საპენსიო შენატანი (2%) და საშემოსავლო გადასახადი (20%), ასევე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებიც.
მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, განაახლოს მოძველებული კანონი და გადახედოს კრიტერიუმებს, რათა ქონების გადასახადის ტვირთი დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აღარ გადავიდეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.