ნინო დოლიძეს NDI-ის მედლინ ოლბრაიტის სახელობის დემოკრატიის ჯილდო გადაეცემა
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაწესებული ჯილდო, მედლინ ოლბრაიტის სახელობის დემოკრატიის ჯილდო გადაეცემა.
NDI - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნინო დოლიძეს ჯილდო გადაეცემა „გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისათვის არჩევნების სანდოობის დაცვისა და დემოკრატიული მონაწილეობის გაძლიერების მიმართ“.
ჯილდო მასთან ერთად გადაეცემა მალავურ სადამკვირვებლო ორგანიზაცია Chisankho Watch-ს. დაჯილდოების ცერემონია 3 დეკემბერს, NDI-ის „დემოკრატიის დღეს“, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართება.
ოლბრაიტის სახელობის ჯილდო სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ:
- ვლადიმირ კარა-მურზას - რუს ოპოზიციონერს, ყოფილ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც სამშობლოში დევნილია და ემიგრაციაში ცხოვრობს;
- ფილიპინურ მედია Rappler-ს - ნობელიანტ მარია რესას დაფუძნებულ ორგანიზაციას;
- სამხრეთაფრიკელ სასულიერო მოღვაწესა და აქტივისტს, დეზმონდ ტუტუს;
- აშშ-ის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერს;
- დისიდენტობის სიმბოლოს, ჩეხეთის პირველ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს.