შსს: ამოღებულია „მეთადონი" და „გამომშრალი მარიხუანა“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი" და „გამომშრალი მარიხუანა“.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადებისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ო. და კუბის რესპუბლიკის მოქალაქე 1991 წელს დაბადებული მ.ს.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე პრიმა, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.