მოქალაქეებს ₾1.2 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა აქვთ დალომბარდებული
საქართველოს მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 1 238 862 398 ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ დალომბარდებული. ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 36%-ით გაიზარდა. ამაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დალომბარდებულ ძვირფასეულობას ღირებულებას მატებს.
BMG-ის ინფორმაციით, მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 77%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.
გამოცემის ცნობით, 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით მისო-ების მიერ სულ 757 829 სალომბარდე სესხი არის გაცემული, რაც ნიშნავს რომ ერთი სესხის საშუალო მოცულობა 1807 ლარს შეადგენს. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხის საშუალო ზომა 1350 ლარი იყო, ანუ ამ სეგმენტში სესხის ზომა 457 ლარით (34%-ით) გაიზარდა, რაც სავარაუდოდ ძირითადად ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება, რადგანაც ახლა მოქალაქეებს იგივე ბეჭდის თუ სამკაულის დალომბარდებით უფრო დიდი ზომის კრედიტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე გასულ წელს.