თავდამსხმელების დასადგენად ყველა შესაძლებლობა არსებობს - ახობაძე შსს-ს პასუხობს
ექიმი გიორგი ახობაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ უწყებას ყველა შესაძლებლობა აქვს თავდამსხმელების იდენტიფიცირებისთვის, თუმცა გამოძიება მიზანმიმართულად არ იყენებს არსებულ მტკიცებულებებს.
მისი თქმით, თავდასხმა სიბნელეში მოხდა და უშუალო თავდამსხმელი ვერ დაინახა, თუმცა არსებობს საკმარისი ტექნიკური და ექსპერტიზის საშუალებები, რომელიც საშუალებას იძლევა, დამნაშავეთა ზუსტი იდენტიფიცირება მოხდეს.
ახობაძე მიუთითებს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა რამდენიმე პირი, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ განაწილებული როლები, და მოითხოვს სამართალდამცავებისგან რეალურ ნაბიჯებს საქმის გამოსაძიებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდს დაბლოკილი ვყავარ. არ მოწონდათ ეტყობა ჩამდებებზე და მათ დაწინაურებაზე რომ ვუწერდი კომენტარებს. ხოდა ქოცური სტატუსი გამოუდიათ…
ამაზე მე ვუპასუხებ :
ყველა საშუალება აქვს პოლიციას და პროკურატურას დაადგინოს უშუალო თავდამსხმელი.
მე მას (უშუალო თავდამსხმელს) სახეზე ვერ ამოვიცნობ იმიტომ, რომ სიბნელეში მოხდა თავდასხმა და მე მას ვერ ვხედავდი!
ამისთვის არსებობს სხვა, ძალიან მაღალი სიზუსტის და სარწმუნოობის კვლევები და ექსპერტიზები!
პირველ რიგში უნდა ამოღებულ იქნას ყველა კამერის უწყვეტი ფირი, რომელიც დაახლოებით 30-40 წთ-ია, დიდი არაფერი საქმეა მისი ანალიზი.
დადგენილ იქნას მანქანაში მჯდომი ყველა პირი
და შემდეგ როგორც სამედიცინო, ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზით შესაძლებელია ზუსტად იმ პირზე გასვლა, ვინც უშუალო თავდამსხმელი იყო.
ამასთან არსებობს მეორე პირიც, რომელსაც უნდოდა ამაში მონაწილეობა და უბრალოდ ვერ შეძლო სათანადოდ, სიტუაციიდან გამომდინარე
ყველა მანქანაში მჯდომი პირი არის ჯგუფური თავდასხმის მონაწილე და ყველა მათგანს თავისი ფუნქცია ჰქონდა.
ნუ მაიძულებთ გავცე ის ინფორმაცია და მიგითითოთ რას არ აკეთებთ სწორად, რომელზეც უკვე შევთანხმდით!
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ ყველაფერს არ დავწერ და მერე ვნახოთ, - წერს ახობაძე სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოკითხვისას დაზარალებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელების ამოცნობას ვერ შეძლებს. უწყების ინფორმაციით, ექიმზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და მათ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.