შიმშილობის მე-10 დღე - პარლამენტთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება - მე-10 დღეა აქციის შვიდი მონაწილე პარლამენტთან შიმშილობს, ერთი კი იზოლატორში.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ, თუმცა არა ისე, როგორც შიმშილობის დაწყებამდე. მათი თქმით, სანამ საერთაშორისო პარტნიორები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაასანქცირებენ და სანამ მათი ძირითადი მოთხოვნები შესრულდება, ისინი მაქსიმალურად მოახდენენ თავიანთი ძალების კონსოლიდაციას რუსთაველის გამზირზე.
მოშიმშილეების მოთხოვნა იგივე რჩება: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა. მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები. MEGOBARI act-ი და სანქციები იქნება ის მხარდაჭერა ჩვენთვის, რაც საბოლოო ჯამში გადატეხავს ამ ბოროტებას და დაასრულებს, მაგრამ სანამ ეს საერთაშორისო მხარდაჭერა გაფორმდება, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი რესურსის კონსოლიდაცია აქ, რუსთაველის გამზირზე," - ამბობს გედევან ფოფხაძე.
ერთ-ერთი მოშიმშილე დარეჯან ცხვიტარიას ცნობით, გუშინ, მოშიმშილეებს შაქარი დაუვარდათ, თუმცა სასწრაფოდ დახმარების რეაგირების შემდეგ ისინი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ.
მშვენივრად ვგრძნობთ თავს, დამაკმაყოფილებლად, როგორც შეეფერება მოშიმშილეს. გუშინ, ყველას ერთად დაგვივარდა შაქარი, მაგრამ სასწრაფომ რაღაც რეაგირება მოახდინა.
ჩვენი სადარდებელია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, რომ ამ ზომამდე მიიყვანეს და დააკნინეს ყველაფერი. ჩვენი მოთხოვნა ძალაში რჩება, იგივეა," - თქვა დარეჯან ცხვიტარიამ.