შსს: ჯანო ჩარკვიანისგან ამოღებულია ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თოფი და 110 ვაზნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "სპარის" თანამშრომლებზე ჯგუფური თავდასხმის საქმის ფარგლებში, მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანის სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გეკა გელაძის უწყების ცნობით, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი თოფი და 110 ვაზნა ამოიღეს.
- სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.
- აღნიშნულ საქმეზე შსს-მ, დღეს, კიდევ სამი პირი დააკავა.
- სისხლის სამართლის საქმეზე, უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა," - წერია განცხადებაში.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში" ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.