„ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“ - ზურაბიშვილი ოპოზიციონერების ახალ ბრალზე
„ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, -ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ ახალი სამართლებრივი დევნის დაწყებას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი საქმე რუსული სახელმძღვანელოდან არის.
„რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. საბოტაჟი, მთავრობის დამხობის მომზადება, უცხოური ინტერესებისთვის მსახურება… რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.