"ოცნების" ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა - პეტრას აუსტრევიჩუსი
„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - ასე ეხმაურება X-ზე ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე „უკრაინის უარყოფით დამოკიდებულებასა“ და ამ პერსპექტივისადმი „უკრაინის წინააღმდებობაზე“.
ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულად, ყველამ ვიცით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.