შსს: ამოღებულია „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებული

07.11.25 10:56
შსს: ამოღებულია „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“ -  ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ტ.ღ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.  

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.