კობახიძის განათლების რეფორმა - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

07.11.25 13:50
კობახიძის განათლების რეფორმა - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

"ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით იწყებს ახალ განათლების რეფორმას, რომელიც ექსპერტების ნაწილმა რეპრესიულად შეაფასა. მოსალოდნელია, რომ პირველი ცვლილებები უკვე თებერვლიდან დაიწყოს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სწორედ თებერვალში გახდება ცნობილი გაფილტრული ფაკულტეტების ჩამონათვალი - ანუ გამოაცხადებენ, რომელი უნივერსიტეტი რა მიმართულებით მიიღებს პირველკურსელებს. რეფორმის თანახმად, საბაკალავრო პროგრამები სამი წლით განისაზღვრება, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდებათ უცხოელი სტუდენტების მიღება.

ილიაუნის ვიცე-რექტორი გიორგი გვალია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი განათლების რეფორმა არსებითად შეცვლის აბიტურიენტებისა და უნივერსიტეტების რეალობას. მისი თქმით, სტუდენტები, რომლებიც უკვე გეგმავენ ჩაბარებას კონკრეტულ უნივერსიტეტებში, შეიძლება რამდენიმე თვეში აღმოაჩინონ, რომ სასურველი პროგრამები საერთოდ ამოღებულია ფაკულტეტებიდან.

გვალიას თქმით, რეფორმის პრინციპი – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – სტუდენტთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რაც ავტომატურად შეამცირებს პროფესორ-მასწავლებელთა დატვირთვას და შესაძლოა, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახოს.

ვიცე-რექტორი ასევე მიუთითებს ფინანსურ ინტერესებზე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გამორიცხავს უნივერსიტეტების ზოგიერთი შენობის გასხვისებას, მიღებული შემოსავლით კი გეგმავს ახალი კამპუსების მშენებლობას თბილისის გარეთ.

აბიტურიენტები, პოტენციურ სტუდენტები, რომლებიც უკვე ფიქრობენ, რომ მაგალითად, ჩააბარებენ ილიაუნში ან სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათთვის ეს მოცემულობა აბსოლუტურად იცვლება, იმიტომ, რომ რამდენიმე თვეში მათ შეიძლება, აღმოაჩინონ, რომ გარკვეული პროგრამები, პროგრამა, რომელზეც მათ სურდათ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში, უკვე აღარ არის იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი. წარმოუდგენელია, ასეთი სიღრმისეული რეფორმა განახორციელო და არ დაგეგმო ისე, რომ არ გქონდეს აქტიური კომუნიკაცია უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და თვითონ ეს პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, ბუნებრივია, გულისხმობს, რომ მაგალითად, თუკი მომავალ წელს რაღაც პროგრამებზემიღება არ გამოცხადდება რომელიმე უნივერსიტეტში, ეს გამოიწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ავტომატურადგამოიწვევს პროფესორების დატვირთვის შემცირებასაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში ვხედავთ გარკვეულ ფინანსურ დაინტერესებასაც. ეს, პრინციპიში, გაჟღერდა კიდეც ამ რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციისას და პირდაპირ ითქვა, რომ გარდა რამდენიმე კორპუსისა, რომელთაც აქვთ ისტორიული მნიშვნელობა, სხვა კორპუსები შეიძლება, გასხვისდეს და შემდეგ ამ გასხვისების შედეგად მიღებული რესურსები მოხმარდეს, ვთქვათ, კამპუსების მშენებლობას თბილისს გარეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც არის ზოგადი განცხადება, ძალიან ბუნდოვანია. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობა. ამ რეფორმის შედეგები ცალსახად არის ეროვნული მასშტაბის და აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტის მომავალს, არამედ, ზოგადად, უმაღლესი განათლების სისტემას საქართველოში, - ამბობს ილიაუნის ვიცე რექტორი გიორგი გვალია.

უნივერსიტეტების რომელი შენობები შეიძლება აღმოჩნდეს კომეცირული დაინტერესების ობიექტები -  ამ კითხვით "პირველებმა" ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს რექტორებს მიმართა. უნივერსიტეტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამბობენ, რომ ამ კითხვაზე ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირთ.

მსგავსი სიახლეები