სასამართლომ ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 პირი პატიმრობაში გაუშვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ "სპარში" მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
- შოთა აფციაური, დაჩი კეკელია, ლევან გრძელიძე და დავით პეტრიაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე არიან დაკავებულები.
- ხოლო ჯაკო ჩარკვიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა, გიორგი დოლაკიძემ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ისაუბრა და მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5-10-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დღესვე, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული მანჩო გიორგობიანი პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში" ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.