სასამართლოებისთვის მობილურის შესანახი სათავსოები შეიძინეს

07.11.25 23:50
სასამართლოებისთვის მობილურის შესანახი სათავსოები შეიძინეს

სასამართლოებისთვის მობილურის შესანახი სათავსოები შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პუბლიკა" სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ტენდერი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გამოაცხადა. ტენდერში შპს "ავე"-მ გაიმარჯვა - ხელშეკრულება კი 17 ოქტომბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 91 700 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 19 სასამართლოსთვის ტენდერის საფუძველზე სხვადასხვა სახის ავეჯი, მათ შორის ნივთების შესანახი კარადები შეიძინეს. 

კერძოდ: 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის (აღმაშენებლის ხეივანზე) მობილურის შესანახი 960 სათავსო შეისყიდეს, ყველა კარს ექნება საკეტი და იქნება დანომრილი, კარადას ასევე ექნება ქვედა თაროებიც, შედარებით დიდი ზომის - ჯამში 22 ცალი.
  • ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს (სამოქალაქო დავის საქმეებისთვის) მობილურის 100 შესანახი და 4 ქვედა თარო დამონტაჟდება.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვისაც მსგავსი სახის კარადები შეისყიდეს. ისინი სასამართლოს შესასვლელში უკვე დამონტაჟდა.

ტენდერით, ავეჯის მიწოდებისთვის სხვადასხვა ვადაა გათვალისწინებული. "პუბლიკის" ინფორმაციით, ნივთების შესანახი კარადები უკვე მიტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.

დოკუმენტაციაშიც აღნიშნულია, რომ მობილურების შესანახი კარადების მიწოდების ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულება კი როგორც აღინიშნა, 17 ოქტომბრით თარიღდება.

  • ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ, 26 ივნისს საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.

[ფოტო: "პუბლიკა"]