მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი
დაკავებულია 1981 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.დ. რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზ.დ.-მ, მეგობარ ქალს - 1992 წელს დაბადებულ თ.წ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 150-ე მუხლით, 11-პრიმა 151-ე მუხლით, 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.