შსს: წითელი ცირკულარით ძებნილი "კრიმინალური ავტორიტეტის" მითითებით, მარნეულში ბიზნესმენის მაღაზიას ესროლეს - დაკავებულია 2 პირი

08.11.25 16:17
შსს: წითელი ცირკულარით ძებნილი "კრიმინალური ავტორიტეტის" მითითებით, მარნეულში ბიზნესმენის მაღაზიას ესროლეს - დაკავებულია 2 პირი

წითელი ცირკულარით ძებნილი "კრიმინალური ავტორიტეტის" მითითებით, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვის მითითებით მარნეულში ბიზნესმენის მაღაზიას ესროლეს - დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით,  ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამასთან, ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარის თურქეთის რესპუბლიკაში ჩატანა.

თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, ელმურაზ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ დ.მ.-ს, ე.ო.-ს და ა.ა.-ს, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ნ.ა.-ს კუთვნილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება მოიყვანეს სისრულეში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს მაღაზიის მინის ფასადი.

კომპლექსურად  ჩატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, ე.ო. და დ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები