ბოლომდე! - 28 ნოემბერს თბილისში დიდი პროტესტი დაანონსდა
„ანტიკრიზისული პლატფორმა“ 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან შეკრებას აანონსებს - სწორედ ამ დღეს შესრულდება ერთი წელი მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოთხი წლით შეაჩერა, რასაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.
ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე გამოსული მოქალაქეები დარბევის, ძალადობრივი დაკავებების მსხვერპლნი გახდნენ - ბევრმა მძიმე დაზიანებები, მათ შორის სახის ძვლების მოტეხილობა, მიიღო.
მიუხედავად ამისა, ევროპული მომავლის მხარდამჭერები კვლავ რუსთაველზე ბრუნდებიან, რათა გამოხატონ პროტესტი და ერთგულება დასავლური გზის მიმართ.
ერთწლიანი ბრძოლა ჩვენი ძალიან დიდი გამოცდა და მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა, მაგრამ ეს ბრძოლა არც ერთი წლის თავზე გაჩერდება. არავის არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 2 და 3 დღეში რამე შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა და ყველა, ვინც ამ ბრძოლაში ჩავერთეთ, ვართ თანახმა, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ბოლომდე, სადამდეც იქნება საჭირო, - ამბობს გვანცა ჯობავა.
მომღერალი სოფო ბათილაშვილი დარწმუნებულია, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული.
ხშირად იძახიან, ჩემი მისამართითაც მსმენია, რომ რატომ ერევი პოლიტიკაში? ეს კითხვა ვერ ამოიწურა და მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკა ერევა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს საქმიანობაში, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ სტუდიაში ჩემს საქმეს ვემსახურებოდი, ვწერდი ჩემს მუსიკას, მაგრამ მერე კობახიძე გამოვიდა და დააბრეხვა ის გენიალური განცხადება და იმის მერე დაგვარბიეს არაერთხელ. ვიდექით არაერთი დღე 7 შარვლით და აღჭურვილობით. პროტესტი, მგონია, რომ იქამდე გაგრძელდება, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, - ამბობს მომღერალი სოფო ბათილაშვილი.