"შიდა კლანური ომის გამოვლინებაა" - კორუფციის მკვლევარები სტეფანიანის დაკავებაზე

09.11.25 13:15
"შიდა კლანური ომის გამოვლინებაა" - კორუფციის მკვლევარები სტეფანიანის დაკავებაზე

კორუფციის მკვლევარების შეფასებით, ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანის დაკავება შესაძლოა მხოლოდ სამართლებრივ საქმე არ იყოს და მასში „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირების ნიშნებიც იკვეთებოდეს. მათი თქმით, სტეფანიანი წლების განმავლობაში მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირში იყო - მისი სასტუმროების გახსნაზე მაღალი თანამდებობის პირებიც ჩადიოდნენ, ხოლო ობიექტებში პარტიის წარმომადგენლები ისვენებდნენ.

აი, იმ სასტუმროს გახსნაზე, რომლის გამოც ახლა დააკავეს, თავის დროზე ღარიბაშვილი იყო ჩასული და ღონისძიება გაიმართა, თუ როგორი ინვესტიცია ხორციელდებოდა დაბა ბაკურიანში. გარდა ამისა, ეს კაცი იყო გოჩა ენუქიძის ბიზნესპარტნიორი ერთ-ერთ კომპანიაში და მის სასტუმროში ისვენებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ახლა, რა თქმა უნდა, ეს შიდა კლანური ომის გამოვლინებაა, რომ დააკავეს ეს კაცი. როგორც ჩანს, ის ღარიბაშვილის გარემოცვას უფრო ეკუთვნის და ამის გამო ციხეში გაუშვეს, თორემ ის იყო "ქართული ოცნების" ორგანული და განუყოფელი ნაწილი. შერჩევითი მიდგომაა, ამ შემთხვევაში და კორუფციასთა ბრძოლას ამას არანაირი კავშირი არ აქვს, - ამბობს დავით მჟავანაძე.

მკვლევარების აზრით, ბაკურიანის უკანონო მშენებლობები სისტემური კორუფციის მაგალითია, რომელიც მხოლოდ ერთ ეპიზოდზე არ შემოიფარგლება და მსგავსი შემთხვევები სხვა რეგიონებშიც ფიქსირდება. მათივე თქმით, საქმე აჩვენებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია ღრმად ფესვგადგმულია, ხოლო შერჩევითი სამართალი ისევ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. 

ბაკურიანში უკანონო მშენებლობი არის მაგალითი სისტემური კორუფციის. ბაკურიანი მხოლოდ პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ, მასშტაბია დიდი ბაკურიანთან მიმართებაში. იგივე იყო ბახმაროში და ძალიან ბევრი შემთხვევები ვიცით ჩვენ მათ შორის თბილისშიც. მთლიანი სახელმწიფო აპარატია კორუმპირებული დაწყებული ხელმძღვანელი პირით დამთავრებული სპეციალისტით. ნათლად სჩანს, სად მიჰქონდა ამ ადამიანს ეს ფული. რა ფულსაც შოულობდა ამ უკანონო სასტუმროებით, ეს ფული მიჰქონდა "ქართულ ოცნებაში", - ამბობს ბესიკ დონაძე. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა ბიზნესმენ ვლადიმერ სტეფანიანის დაკავება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად ითვლება. გამოძიების ინფორმაციით, სტეფანიანს ედება ბრალი 1.9 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

გამომძიებელი ია ახალაიას განცხადებით, ბიზნესმენი ბაკურიანში უნებართვოდ აშენებდა ხუთ სასტუმროს, მოაწყო სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა, შესაბამისი ნებართვების გარეშე.

 

ამჟამად სტეფანიანი ბრალის წარდგენას ელოდება. მის მოსანახულებლად ადვოკატი ცოტა ხნის წინ მივიდა. როგორც ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, რა პოზიცია აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. 

 

მსგავსი სიახლეები