1 მლრდ 238 მლნ-ის ოქრო ლომბარდებში - ექსპერტები ფაქტს საგანგაშოდ მიიჩნევენ
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იძულებულია, ოჯახების სიდუხჭირის გამო, საკუთარი ძვირფასი ნივთები ლომბარდებში ჩადოს. საუბარია ჯამში 1 მლრდ 238 მლნ-ის ღირებულების ოქროზე. აღნიშნული ჩანს მონაცემებში, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეროვნულ ბანკში გადააგზავნეს.
ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ დამატებით გააუარესა ვითარება - ბევრ მოქალაქეს აღარ ჰყოფნის საშუალება, რომ ჩადებული ნივთი უკან გამოისყიდოს, რის გამოც ადამიანები საბოლოოდ კარგავენ ერთადერთ მატერიალურ ფასეულობას.
ექსპერტების თქმით, ლომბარდებში ჩაბარებული ოქროს რაოდენობა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელია - მოქალაქეები იძულებულნი არიან, ბოლო ფასეულობებიც გაყიდონ ყოველდღიური საჭიროებების დასაფარად.
ჩვენ ვხედავთ შემდეგ რეალობას: სამუშაო ბაზარი სტაგნაციაშია, უმუშევრობა არის მაღალი ჯერ კიდევ, ძალიან ბევრი ადამიანი არის თვითდასაქმებული და ვხედავთ თვითდასაქმებული ადამიანის დასაქმების დონის შემცირებას და შესაბამისად, არსებობისთვის, განსაკუთრებით, ფასების ზრდის პირობებში, ადამიანებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი. ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აქვს ძვირფასი ლითონები, ხშირ შემთხვევაში, რელიქვია ანუ რაღაც ბოლო აქტივი, რომელიც შეიძლება, რომ გამოიყენოს და შესაძლოა ასეთი სალომბარდე სესხების ზომის ზრდა იყოს სიგნალი იმის, რომ ერთი მხრივ, კრედიტუნარიანობა საზოგადოების იკლებს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ორქოს უზრუნველყოფით შეუძლია ადამიანმა აიღოს რესურსი, რომელიც მას შეიძლება სჭირდება, არ გამოვრიცხავ, სოციალური საჭიროებებისთვის ან ზოგადად ყოველდღიური პროდუქციის შესაძენად. რატომ ვამბოლბ ამას? იმიტომ, რომ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საუბარი იყო ბიზნეს სესხებზე ან სამეწარმეო ინიციატევებზე, - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.