საქართველოში „ნოვორაპიდის“ დეფიციტია - დიაბეტიანი ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ
ინსულინზე დამოკიდებული პაციენტები აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი „ნოვორაპიდი“ სრულად გამქრალია როგორც სააფთიაქო ქსელიდან, ისე სახელმწიფო მარაგებიდან. დიაბეტიანი ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ თუ მედიკამენტის მიწოდება დროულად არ აღდგება, მკურნალობის შეწყვეტა ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.
მათ თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემაზე რეაგირების ნაცვლად ალტერნატიულ პრეპარატს „აპიდრას“ სთავაზობს, რომელიც არ შეესაბამება მცირეწლოვან პაციენტთა დოზირების მოთხოვნებს, რასაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის ჰიპოგლიკემიური კომა გამოიწვიოს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დეფიციტზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, უწყებამ მოქალაქეები წინასწარ არ გააფრთხილა წამლის ამოწურვის შესახებ, რის გამოც პრობლემა მხოლოდ მაშინ გახდა საჯარო, როცა პაციენტებს პრეპარატის შოვნა უკვე შეუძლებელი გახდა.
ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.