მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა“ „Eagle Hills Georgia“-ს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

10.11.25 10:52
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა“ „Eagle Hills Georgia“-ს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა“ არაბულ დეველოპერულ კომპანიას „Eagle Hills Georgia“ ღია წერილით მიმართავს და Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina პროექტების დეტალების სრულ გამჟღავნებას სთხოვს. წერილი მოძრაობამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა, ხოლო 10 ნოემბერს, 16:00 საათზე, მისი წევრები წერილს კომპანიის ოფისში მიიტანენ.

ღია მიმართვაში მოძრაობა აღნიშნავს, რომ საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე, თუმცა საკითხი მხოლოდ ფინანსური არაა და ეროვნულ, დემოგრაფიულ, კულტურულ და ეკოლოგიურ საფრთხეებს უკავშირდება. ტექსტის თანახმად, პროექტებმა შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი მიგრაცია და უცხოელი მუშახელის შემოდინება, რაც დემოგრაფიულ ბალანსს დააზიანებს.

მოძრაობა კომპანიას ახსენებს, რომ „Eagle Hills“-ის სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტები ხშირად კორუფციულ ეჭვებთან და საზოგადოებრივი პროტესტის იგნორირებასთან ასოცირდება და აფრთხილებს, რომ საქართველოში ნებისმიერი გარიგება ხალხის თანხმობის გარეშე ლეგიტიმურად არ ჩაითვლება.

წერილი მოითხოვს ორ ძირითად ნაბიჯს :

პროექტების სრული გამჭვირვალობა: გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA), მიწის გადაცემისა და შრომითი რესურსების გეგმის გასაჯაროება.

საზოგადოების ნების პატივისცემა: პროექტის შეჩერება, სანამ არ გაიმართება ღია დისკუსია და არ შედგება ეროვნული კონსენსუსი.

„ეს ჩვენი მიწაა. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აქ არაფერი აშენდება,“ - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ „Eagle Hills Georgia“-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქი“, ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“ აშენდება.

მსგავსი სიახლეები