საიდუმლო ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
საიდუმლო ხელშეკრულება არაბულ კომპანიასთან - ჰოლდინგ EMAAR-ი, რომელიც "ოცნების" მტკიცებით, საქართველოში “მრავალმილიარდიანი" პროექტის განხორციელებას აპირებს, ამ დრომდე არ ჩანს.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ამ პროექტში შედის თავისი წილით, 850 ჰექტარი მიწით, თბილსსა და გონიოში, რომლის ღირებულებაც მილიარდზე მეტია.
ხელშეკრულებას, რომელიც არაბული დასახლებების მშენებლობას ეხება, მმართველმა გუნდმა გრიფით საიდუმლო დაადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ გაიგებს, რა პირობებზე შეუთანხმდა არაბებს ქართული მხარე.
ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში, სადაც საერთოდ არ შემოდის ინვესტიცია, მათთვის რთული წარმოსადგენია ვინმეს, განსაკუთრებით არაბებს, რომლებიც სიფრთხილით გამოირჩევიან, სურდეთ 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადება.
ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ხელშეკრულებაში ჩადებული კონკრეტული დეტალები, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს როგორც შიდა, ასავე საგარეო პოლიტიკური კრიზისი, ანუი ასეთი გამოწვევები აქვს ქვეყანას, ვინ შეიძლება გარისკოს ამხელა მოცულობის ინვესტიციის ჩადება. არაბები ფრთხილი ინვესტორები არიან, დიდი სიზუსტით ზომავენ, სად შეიძლება ინვესტიცია ჩაიდოს და მე ეჭვი მეპარება, რომ , თუ არა რაღაც განსაკუთრებული პირობები მათთვის, ასეთ ნაბიჯზე წასულიყვნენ ისინი არასტაბილურ ქვეყანაში. ხო შეიძლება, ვიღაცამ თქვას მომავალში, რომ გადახედილ იქნას ეს ხელშეკრულება და არ არის ეროვნული ინტერესების შესაბამისი, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
“ბიზნესი ასე არ კეთდება“ - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი და მიიჩნევს, რომ “განხილული უნდა იქნეს, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სცენარი.“
ბიზნესი ასე არ კეთდება, უნდა იყოს გათვლილი როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური სცენარი, სცენარი იმის, რომ კომპანია იქნება წამგებიანი და მის მესაკუთრეებს მოუწევთ ამ წაგების, ზარალის ანაზღაურება, აქ ჩნდება მთავარი კითხვა ეს მესაკუთრეები რა კაპიტალით შედიან ამ ბიზნესში. ჩვენ მხოლოდ ვიცით ჩვენი ინვესტიციების შესახებ, მაგრამ არაფერი ვიცით პარტნიორების ინვესტიციაზე. გვქონდეს მხედველობაში, რომ ის ქონება, რასაც სახელმწიფო დევს ამ ინიციატივაში, სახელმწიფო იმით აგებს პასუხს. შესაბამისად, აბსოლუტურად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ბიზნესი საერთოდ ვერ განხორციელდეს, ან აღმოჩნდეს მომგებიანი და შესაბამისად ეს რისკი უნდა იქნას გათვალისწინებული. EMAAR-ი გაქრა, სახელმწიფო გაჩნდა, შესაბამისად, ვალდებულებებიც საქართველოს სახელმწიფოზე გადმოდის და ის ატარებს ფისკალურ რისკებს, - ამბობს ხიშტოვანი.
კითხვაზე, რატომ არის ხელშეკრულების დეტალები გასაიდუმლოებული და რატომ არ იცის ხალხმა მის შესახებ მეტი ინფორმაცია, არგუმენტები არ აქვთ “ოცნებაში“.
კალაძემ კითხვებზე პასუხის ნაცვლად “პირველები“ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია და თქვა, რომ “6 -მილიარდიანი ინვესტიცია აუცილებლად შემოვა ქვეყანაში და ეს იქნება არნახული პროექტი.“ თუმცა, დეტალებზე, რა გააკეთა არაბულმა კომპანიამ ამ დრომდე, ვერ ისაუბრა.
ინვესტიცია, რა თქმა უნდა, განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როდესაც საუბარია 6-მილიარდიან ინვესტიციაზე, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ამ სახის ინვესტიციის განხორციელება. არსებობს მიწა, ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი და დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ინვესტიციის გასაჯაროება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის 6.5 მილიარდ დოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მალავენ ხელშეკრულების დეტალებს, კალაძემ თქვა, რომ არაფერს მალავენ, “ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, ყველაფერი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.“
კომპანიას, რომლებსაც ქართული ოცნება მილიონებით კვადრატულ მეტრ ქართულ მიწას გადასცემს, სამოქალაქო საზოგადოება წერილით მიმართავს. მათ აინტერესებთ, რეალურად რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პროექტს ქვეყნისთვის.