უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი დამეი კვიცინია დაიღუპა
აფხაზი მებრძოლი დამეი კვიცინია, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა, ბრძოლის დროს დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ ადასტურებს, რომლის უმაღლესი საბჭოს წევრიც კვიცინია იყო.
მისი ცნობით, კვიცინია მსახურობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოხალისეთა კორპუსის ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო-საშეტყობინო ბრიგადაში და დაიღუპა, როცა ბრძოლის ველიდან დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა.
დამეი კვიცინია აფხაზი მწერლის ნიკოლაი კვიცინიას შვილია. ის 1989 წლიდან იყო მოძრაობა „აიდგილარას“ წევრი და მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ ომში.
2014–2018 წლებში კვიცინია იყო აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში. ორგანიზაცია „არუაა“ მას აღწერს, როგორც „პატრიოტსა და აქტიურ მოქალაქეს“.
ცნობილია, რომ უკრაინაში ომში მონაწილეობდა მისი უფროსი ვაჟიც - ნიკოლაი კვიცინია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მებრძოლები აქტიურად იბრძვიან რუსეთის მხარეს, თუმცა მათი დანაკარგების ზუსტი რაოდენობა უცნობია.