“ადვოკატთა ასოციაცია“: ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, იგეგმება ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვის დაწესება სასამართლოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგად, გაარკვიეს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება.
მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია დღეს გავრცელებული ცნობის თაობაზე, თითქოს იგეგმება ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვის დაწესება სასამართლოში.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა კომუნიკაცია და მინდა გაცნობოთ, რომ ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა არ არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) ის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებია, რომელთა გარეშეც ადვოკატის სრულფასოვანი საქმიანობა, ელექტრონული მართლმსაჯულების ეპოქაში, წარმოუდგენელია და შესაბამისად, ამ მიმართულებით, რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება გამოიწვევს ადვოკატის საქმიანობის პირდაპირ ხელშეშლას, რაც დაუშვებელია.
ასოციაცია კვლავაც ყურადღებით მიადევნებს თვალს პროცესების განვითარებას, პროფესიისათვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით!,- წერია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.