სახელდება ქვეყანა, სადაც სავარაუდოდ "სფერო ჰოლდინგის" დირექტორი იმყოფება
12 მილიონის დაუფლების საქმეზე ბრალდებული "სფერო ჰოლდინგის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაშია - ამის შესახებ კომპანიის იურისტმა, სოფო პეტრიაშვილმა "TV პირველთან განაცხადა.
- ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი დააკავეს. ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა.
საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
"სფერო ჰოლდინგის" იურისტის განცხადებით, გიორგი მურუსიძე იტალიაში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში იმყოფება. მისი თქმით, კომპანია მილანში ქონებას ფლობს და დირექტორი, დაახლოებით ერთი თვის წინ, კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით გაემგზავრა.
ბატონი გიორგი არის იტალიაში. ბატონ გიორგის აქვს სამუშაო შეხვედრები. ერთი თვე არც არის, რაც გაემგზავრა. კომპანია იტალიაში ფლობს უძრავ და მათ შორის, მოძრავ ქონებასაც, შესაბამისად კომპანიას ფილიალი აქვს, როგორც ასე ვთქვათ, საქართველოში ფუნქციონირებს, ანალოგიურად ფუნქციონირებდა მილანში, შესაბამისად კომპანიის დირექტორი კრიზისული სიტუაციის მოგვარების მიზნით არის იტალიაში.
65 მილიონის ღირებულების (ლარში) უძრავი ქონება აქვს შექმნილი კომპანიას. მთავარი პრობლემა, საიდანაც კომპანიის კრიზისული სიტუაცია დაიწყო, როგორც იურიდიულად, ასევე, რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხით, შეფასების დონეზე, არის სწორედაც ბანკების მხრიდან განხორციელებული შერჩევითი...
ბანკებმა კომპანიას შეუშალა ხელი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. ქირები იყო მიმდინარე გადასახადი, შესაბამისად ყველა, თითოეული კაპიკი, რა თქმა უნდა, კონკრეტული დეკლარილებით და კონკრეტული მიზნობრიობით არის განსაზღვრული და არის შესაბამისად ჩარიცხული. რა თქმა უნდა [ეს თანხები ამ ადამიანებს მოხმარდათ]," - ამბობს სოფო პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა.
დაკავებული გივი წულეისკირი ამტკიცებდა, რომ ფული არ მიუთვისებია და თანხა, რომელიც ხალხისთვის აქვს დასაბრუნებელი, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში ჩადო.
- მოქალაქეებს, ვისაც ბინის გირაობა სურდათ სფერო ინვესტი "გირის ალტერნატივას" სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხის გამოაძევეს.