ხალხის ფულის მითვისებაში ბრალდებული გივი წულეისკირი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
"სფერო ჰოლდინგი" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ნონა ფილაური აცხადებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ გარკვეულ დროს ითხოვდა, რათა დაზარალებულებისთვის კუთვნილი თანხა დაებრუნებინა.
ნონა ფილაურის განმარტებით, ის სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
მას ბრალი წაუყენეს თაღლითობის მე-2 და მე3 ნაწილებით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებას. შესაბამისად ამას ის არ აღიარებს იმიტომ, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, რომ დაზარალებულები უნდა დააკმაყოფილონ მან და მეორე პიროვნებამ, გიორგი მურუსიძემ და ცდილობდა, რომ მოეზიდა რაიმე თანხები და ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის.
ის მხოლოდ ითხოვდა გარკვეულ დროს და ხელშეწყობას, რადგან აქვთ უძრავი ქონებები და ამ უძრავ ქონებას ადევს ყადაღები და რომ შესძლებოდა ამ უძრავი ქონების, თუნდაც რეალიზაციით, პირდაპირი წესით დაზარალებულებზე გადაფორმების გზით მათ დაკმაყოფილებას.
ეს 600 კაცი, ამ ეტაპზე, ყველა ერთად ამ თანხებს არ ითხოვდა, ანუ წულეისკირს კიდევ ჰქონდა დრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაბრუნების, თუმცა როგორც მე მახსოვს 68 ადამიანი იყო, რომელსაც ვადა ჰქონდა გასული და ის ფიქრობდა, რომ ამას ადვილად დააბრუნებდა, მაგრამ რადგანაც უკვე მის მიმართ გახმაურდა ეს საქმე, ყველა დაზარალებულს შეეშინდა და ყველამ ერთდროულად მოითხოვა ამ თანხების უკან დაბრუნება.
აუცილებლად დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას," - ამბობს ნონა ფილაური.
ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი დააკავეს. ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა.
- საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
- თბილისის პროკურორის თქმით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა.
გივი წულეისკირი ამტკიცებდა, რომ ფული არ მიუთვისებია და თანხა, რომელიც ხალხისთვის აქვს დასაბრუნებელი, სხვადასხვა სამშენებლო ბიზნესში ჩადო.
- მოქალაქეებს, ვისაც ბინის გირაობა სურდათ სფერო ინვესტი "გირის ალტერნატივას" სთავაზობდა, კომპანიაში თანხის დაბანდების სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის სფერო ჰოლდინგი ბინას ქირაობდა, ფულის ინვესტირებას კი მათ ბიზნესებში ახდენდა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფეროს ჰოლდინგის მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა პირობა არა ერთი მოქალაქის შემთხვევაში დაირღვა. ნაქირავები ბინებიდან ხალხის გამოაძევეს.