მზია ამაღლობელის ადვოკატები მოსამართლე ნინო სახელაშვილის იურისტის დიპლომს 5 თვეა ითხოვენ

11.11.25 14:38
მზია ამაღლობელის ადვოკატები მოსამართლე ნინო სახელაშვილის იურისტის დიპლომს 5 თვეა ითხოვენ

დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ადვოკატები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს უკვე 5 თვეა ითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

  • დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, სადაც უფლებადამცველებმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს. 

მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნინო სახელაშვილის იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ ასაჯაროვებს.

ადვოკატების განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ არის თუ არა მოსამართლე სახელაშვილი სისხლის სამართალში კვალიფიცირებული.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არსებითად განიხილა  მზია ამაღლობელის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე და მას 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ოფიციალური სივის მიხედვით:

  • ნინო სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, ხოლო 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა კერძო სამართლის სპეციალიზაციით.
  • 2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი, 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, ხოლო 2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

"ბათუმელების" ცნობით, ის რომ ნინო სახელაშვილს სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს, 18 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურა. ახლა ადვოკატები ეძებენ დოკუმენტს, რომლითაც მისი იურიდიული განათლება დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები