"მეშინია, რომ [მზია ამაღლობელს] მსჯავრი არ გადაუკვალიფიცირონ და არ დაუმძიმონ" - გელა მთივლიშვილი
"იმდენად გამწარებული ჩანს "ქართული ოცნების" რეჟიმი, მეშინია, რომ [მზია ამაღლობელს] მსჯავრი არ გადაუკვალიფიცირონ და არ დაუმძიმონ" - ამის შესახებ "მთის ამბების" რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს დაკავებული ჟურნალისტის პროცესი იმართება.
მისი თქმით, მრავალ ტყვეთა შორის, მზია ამაღლობელი "ოცნების" მთავარი ტყვეა.
მზია არის ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო, თავისუფლების სიმბოლო, რომელიც არის ჩვენი დასაცავიც ისე, როგორც მისი დასაცავები ვართ ჩვენ და ამიტომ იღებს ამხელა ტვირთს თავის თავზე.
მე მეშინია, რომ იმდენად გამწარებული ჩანს "ქართული ოცნების" რეჟიმი, მზიას მსჯავრი არ გადაუკვალიფიცირონ და არ დაუმძიმონ. წეღან ვთქვი, რომ არაფერ კარგს არ ველი თქო, ამიტომაც ვთქვი, რომ არ შეიძლება რამე კარგის მოლოდინი გქონდეს იმიტომ, რომ მრავალ ტყვეთა შორის, მზია არის მთავარი ტყვე "ქართული ოცნების" - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილის ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოტანილი 2-წლიანი ვერდიქტი უკანონოა.