თვითმფრინავის ჩამოვარდნა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე

11.11.25 18:08
თვითმფრინავის ჩამოვარდნა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე

აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილს ავრცელებს - ალიევი თურქეთის პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

 ალიევი განცხადებაში ადასტურებს რომ კატასტროფას მსხვერპლი მოყვა, თუმცა რაოდენობას არ ასახელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკული ამბის გამო.  ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს"-წერს ილჰამ ალიევი. 

ამასთან ირკვევა, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა და ღრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, ახლობლებს, ასევე მოძმე თურქ ხალხს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის ლიდერის მიმართ სატელეფონო ზარისა და სამძიმრის გამოცხადებისთვის.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის შესაბამისი სამხედრო ორგანოები ინარჩუნებენ კავშირს მომხდართან დაკავშირებით.

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების C-130 განჯიდან აფრინდა და საქართველოს საზღვართან კატასტროფა განიცადა.

საქართველოს შსს ცნობით, დღეს, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

ოფიციალური ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.