მილიონების მითვისების საქმე - გიგა წულეისკირი განაჩენის მოლოდინშია

12.11.25 11:26
მილიონების მითვისების საქმე - გიგა წულეისკირი განაჩენის მოლოდინშია

12 მილიონის მითვისებაში  ბრალდებული გივი წულეისკირი განაჩენის მოლოდინშია. მის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს მოსამართლე დავით კურტანიძე იმსჯელებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:30 საათზეა ჩანიშნული.

წულეისკირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან ამბობს, რომ მისი მხრიდან თაღლითობას ადგილი არ ჰქონია. ინტერესების დამცველი გეგმავს, სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს.

რა თქმა უნდა, დაცვის მხარე მოვითხოვთ გირაოს გამოყენებას, შუამდგომლობას დავაყენებთ, მივუთითებთ გარკვეულ თანხას. თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენოს, სავარაუდოდ, ის თითონ შემოგვთავაზებს, რა თანხა შეიძლება, იყოს. თუმცა, აქედანვე მინდა, აღვნიშნო, რომ ძირითადად კომპანია „სფერო ინვესტს“ გააჩნია უძრავი ქონებები ძალიან დიდი თანხის ოდენობის და სავარაუდოდ, მას შეუძლია, უძრავი ქონება ჩადოს გირაოს სანაცვლოდ და რასაც ჰქვია თანხა, თანხის შეტანას ალბათ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ, იმიტომ, რომ ყველგან ვთქვით და თვითონ ბრალდებულმა გიგა წულეისკირმაც განმარტა, რომ დიდი ხანია საბანკო სისტემა მათი კომპანიების მიმართ არაკეთილგანწყობილია, მათ ანგარიშები, რეალურად, გაუყინეს და ვერ შეძლებენ ისინი ნაღდი ფულის გადარიცხვას.
ჩემი დასაცავი პირი ბრალს არ ეთანხმება, რადგან მას თაღლითობას ედავებიან, თითქოს მან ითაღლითა, თუმცა ის განმარტავს, რომ ვალდებულება, რომელიც ამ ხალხის წინაშე აქვს აღებული, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, - ამბობს ნონა ფილაური.

 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ასევე "სფერო ჰოლდინგის" დირექტორის,  გიორგი მურუსიძის აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელებს, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. სავარაუდოდ, დღესვე პროკურაურა მასზე ძებნას გამოაცხადებს. 

ცნობისთვის, "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი გუშინ დააკავეს, ხოლო გიორგი მურუსიძეზე ძებნა გამოცხადდა. 

  • საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
  • თბილისის პროკურორის  თქმით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "TV პირველის" შაბათის ეთერმა ორი კვირის წინ მოამზადა

 

მსგავსი სიახლეები