"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

12.11.25 18:22
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

 

 

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს.

20 ივნისს დაზარალებულის, რომელმაც ცალი თვალი დაკარგა, თქმით, მთავარია "ოცნების" ექს-პრემიერმა თქვას, ვინ გასცა 2019 წელს ხალხის დარბევის ბრძანება. 

მაკო გომური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას არაერთხელ ჰქონდა შანსი სწორი მხარე აერჩია, თუმცა ასე არ მოიქცა. 20 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ქალის თქმით, "ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს დაუდგება ესეთი დღე.  

ორი მხარეა, ერთი რომ ქოცების სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანი, მითუმეტეს რომელიც მათ წინააღმდეგ მიდის და მეორე მხარე არის ის, რომ თითქოს მაგალითივით არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხალხის წინააღმდეგ წავიდა ოდესმე, უსამართლობაზე თვალი დახუჭა და არაერთხელ ჰქონდა მას შესაძლებლობა, რომ სწორი მხარე აერჩია და თუ მართლა უდანაშაულო იყო იმ საქმეში, ვთქვათ 20 ივნისის საქმე ავიღოთ პირობითად, თუ მართლა უდანაშაულო იყო, დამდგარიყო სწორ მხარეს, ეღიარებინა თავის დროზე და ჩვენთვის სასიკეთო გაეკეთებინა. არა ის, მხოლოდ იმის თქმა, რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ, შეეძლო, რომ საქმეში გამოეხატა ეს პასუხისმგებლობა. 

შესაბამისად ამ მხრივ რომ შევხედავთ, მშვენიერი მაგალითია ადამიანებისთვის, ვინ დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან რომ იცოდნენ რამხელა ორმოში არიან ჩაყრილები, როდესაც ბევრი წლის მიერ მოუნდებათ რომ დატოვონ ეს ძალიან ცუდი ადგილი, რა ბედიც ეწევათ. 

აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მჯერა, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, რომ აუცილებლად ეს დღე დაუდგება ყველა მათგანს. 

გახარიას ბრალეულობა უშუალოდ იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ქმედებები არ მოჰყვა მისი არაფერი გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღო და რაზე აიღო, ყველა ინტერვიუში დღემდე რაც ჰქონია იძახის, რომ შტურმი მოიგერია და ეს იყო მისი სწორი ნაბიჯი. რა იყო სწორი ნაბიჯი და შტურმის მოგერიება, რომ ხალხისთვის თვალები ამოეთხარა? - სიგიჟეა. 

ქოცების სასამართლოში არასდროს არ მივალ და არავის წინააღმდეგ არ მივცემ ჩვენებას," - ამბობს მაკო გომური.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს და ე.წ. ჩორჩანას საქმეს. 

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავს. 

რამდენიმე საათში, გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა  გენერალურ პროკურატურაში მივა, სადაც  საქმის მასალებს გაეცნობა.

მსგავსი სიახლეები