ავიაკატასტროფა კახეთში - რა დგინდება?
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული სამხედროების ოჯახებს შემზარავი ამბავი გააგებინეს. ანკარა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ 20 სამხედროს გლოვობს.
რა გახდა ჰერკულესის ვარდნის მიზეზი - ამ კითხვას პასუხს შავი ყუთი გასცემს, რომელიც უკვე ნაპოვნია და გასაშიფრად თურქეთში გაიგზავნება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, C-130-ის განზრახ ჩამოგდების ვერსია ამ ეტაპისთვის არ განიხილება, რადგან პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავის კორპუსზე გარე ზემოქმედების კვალი არ ჩანს, განსხვავებით გასული წლის ტრაგედიისგან. როცა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთში განზრახ ჩამოაგდეს.
ავიაკატასტროფას ოფიციალურად 4 სპეციალისტი და 16 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. მათი ვინაობა დღეს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჰერკულესს ბაქოდან ანკარაში ავიაგამანადგურებელ F16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა. ბორტზე მყოფებმა ერთი დღით ადრე აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების აღლუმში მიიღეს მონაწილეობა და განჯის აეროპორტიდან უკან, თურქეთში ბრუნდებოდნენ.
ახალ კადრებში, რომელიც სიღნაღის რაიონში ჰერკულესის ვარდნას ასახავს, ჩანს რომ დაბლა დაშვებისას თვითმფრინავს კუდი უკვე მოტეხილი აქვს და სწრაფად დაბლა ეშვება. არადა აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი ტექნიკური შემოწმება ყველა წესის დაცვით ჩაუტარდა.