ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ექიმები ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიჩვეულები ვართ - მარინა აბაშიძე

25.10.21 19:03
ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ექიმები ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიჩვეულები ვართ -  მარინა აბაშიძე

,,შიმშილობის 25-ე დღეზე პრეზიდენტის სხეულის ყველა რესურსი ამოწურულია და გასაკვირია, როგორ ინარჩუნებს ძალას - ამის შესახებ ჰემატოლოგმა მარინა აბაშიძემ ,,ტვ პირველს " განუცხადა. პროფესორ აბაშიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის კლინიკაში დაუშვებელია, რადგან იქ მისი ჯანმრთელობის მართვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს.

ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და პრემიერისა და იუსტიციის მინისტრისგან იმით განვსხვავდებით, რომ ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიჩვეული ვართ... თვითონ პრემიერის მიერაა დანიშნული ის კონსილიუმი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან შედგება. მაშინ რატომ არ უნდა ენდოს მათ? ამიტომაც მოითხოვა კონსილიუმმა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს იმ დაწესებულებაში, სადაც ინტენსიური მოვლის საშუალება არსებობს და ნუ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ დასჭირდა, რეანიმაციაც არის.

წინასწარ პროგნოზირება, მით უმეტეს, შიმშილობის 25-ე დღეზე, წარმოუდგენელია. არ ვლაპარაკობ შიმშილობიდან გამოსვლის ეტაპებზე, როგორც ვიცი, საქართველოში ამის სპეციალისტი არ გვყავს. 

პირადად არ მინახავს ციხის საავადმყოფო, მაგრამ იგი მულტიპროფილური არ არის...

ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი, იმ მორალური სიძლიერის გამოა ალბათ, რომ მისი სხეული ბევრ ძალას ინარჩუნებს, რადგან მის სხეულს შიმშილობის 25-ე დღეზე ყველა რესურსი ამოწურული აქვს - განაცხადა მარინა აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები