დაუმძიმებენ თუ არა ბრალს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს - რას ამბობენ ადვოკატები?

13.11.25 11:55
დაუმძიმებენ თუ არა ბრალს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს - რას ამბობენ ადვოკატები?

დაუმძიმებენ თუ არა ბრალს დაკავებულ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს - დღეს, დაახლოებით ერთ საათში გამომძიებლები გლდანისა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პატიმრებთან შევლენ. ირკვევა, რომ 50-მდე დაკავებულის უფლებადამცველებს გუშინ, გვიან ღამით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბრალი უნდა დააზუსტონ. 

ადვოკატები ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი დაუმძიმონ. მათთვის გამომძიებლებს არ განუმარტავთ რასთან დაკავშირებით ხდება ბრალის დაზუსტება. 

ბათუმელი მედროშის, ზურა ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, ისიც კი აბსურდია, რასაც დღეს ედავებიან დაკავებულებს, შესაბამისად არანაირ სამართლებრივ ფორმატში არ ჯდება ბრალის დამძიმება. 

გუშინ საღამოს გვიან დამიკავშირდა გამომძიებელი და შემითანხმა, რომ ციხეზე უნდა შევსულიყავით, ვინაიდან ხდებოდა ბრალის დაზუსტება, თუმცა რასთან დაკავშირებით არ განუმარტავს, რა თქმა უნდა დამაინტერესა. ამასთან, ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა, იმ ფაქტებთან მიმართებაში და იმ ბრალდებასთან მიმართებაში, რასაც დღეს ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზურაბ ჭავჭანიძეს, ისიც კი აბსურდი არის და შესაბამისად არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ფორმატში და მოლოდინი იმის, რომ რაიმე კვალიფიკაცია შეეცვლება, ან დაემატება მე არ მაქვს იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ქმედება," - თქვა ნინო ლომინაძემ. 

გიორგი ჩხეიძის განცხადებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც არათუ დაამძიმებდა წარდგენილ ბრალს, არამედ ამ დროისთვის წარდგენილ ბრალისთვისაც კი არ არის საკმარისი.

დღეს, შუადღის საათებში არის დაგეგმილი პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი, ბრალის დაზუსტება. მოხდება ან რაიმე სხვა, ახალი ბრალის წარდგენა, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ასევე სხვა პირების მიმართ, რომლებიც არიან დაკავებული 4 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. 

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც არათუ დაამძიმებდა წარდგენილ ბრალს, არამედ ზოგადად ამ ეტაპისთვის წარდგენილი ბრალისთვის საკმარისი მტკიცებულებებიც კი არ არის წარმოდგენილი საქმეში. 

მოლოდინი მაქვს, რომ მოხდება დამძიმება, თუმცა წინასწარ ამაზე ესე დეტალურად ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. 

4 ოქტომბრის საქმეზე სულ 50-მდე პირს დაადეს ბორკილები. მათგან ნაწილს ძალადობის ორგანიზებას, მეორე ნაწილს კი მასში მონაწილეობას ედავებიან.

ბრალდებულებიდან რამდენიმე გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ისინი, დღეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არიან დაბარებულები. 

გუშინ ადვოკატმა შემატყობინა, რომ გვიან, საღამოს საათებში დაუკავშირდნენ გამომძიებლები და დაბარებული ვარ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, პირველის ნახევარზე. ბრალის დაზუსტება, შინაარსობრივი ცვლილება, ან დამძიმებაზე არის საუბარი. არ ვიცი ზოგადად რას აპირებენ, სახის ცვლილებას, რაიმის დამატებას. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე [მუხლი] მაქვს ამ ეტაპზე მხოლოდ. გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში, რომ იყოს შესაძლებელი დამიმძიმონ ბრალი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ღირსეულად შევხვდები ყველაფერს ისე, როგორც წინა შემთხვევებში," - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი. 

მსგავსი სიახლეები